1325 ლოკალიზაცია: უკრაინის დელეგაციის ვიზიტი ერგნეთში
2019 წლის 22- 26 აპრილს საქართველოში სასწავლო ვიზიტით უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325-ის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამოქმედო გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია გამყოფ ხაზთან მიმდებარე, სოფელ ერგნეთში ჩავიდა და აგვისტოს ომის მუზეუმი მოინახულა. ომის მუზეუმი 2008 წლის აგვისტოს ისტორიას ინახავს. ის, სიმბოლურად, 2017 წლის 8 აგვისტოს გაიხსნა ცხინვალიდან 500 მეტრით დაშორებულ სახლში, რომელიც ომის დროს დაბომბვის გამო დაიწვა და დაინგრა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ მუზეუმის იდეის ავტორს და სახლის დიასახლისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული საბჭოს წევრს ლია ჩლაჩიძეს. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და გენდერული საბჭოს წევრმა ეკატერინე სუხიშვილმა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა კონკრეტული საკითხები, როგორიცაა: ეროვნული სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და შედეგები; გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება ადგილობრივ დონეზე; ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება (მათ შორის დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების); ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ყოფა და ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, უკრაინის დევნილთა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროსა და დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელშეწყობით. |