
“მარო! შიში გულში არა გვაქვს!” - ერთ-ერთი მთავარი ბანერი იყო საქართველოს პროტესტის გულიდან, თბილისის აქციიდან, რომელიც, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაზე 50-მდე მონაწილეს ვანახეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვანახეთ და მოვუყევით ამბები საქართველოდან, რომ, ამ ქვეყანაში, პროტესტს ქალების ხმა აქვს და დღეს ქალები ბრძოლის მთავარი სიმბოლო არიან, ისე როგორც მარო, საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან, დაიღუპა. პატარა ქვეყნის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, წლების შემდეგაც, გრძელდება და ქალები, ისე როგორც ადრე, ამ ამბის წინა ხაზზე თავს არ ზოგავენ.
“ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია” - ესეც მოვყევით, ისე როგორც ბანერმა, საპროტესტო სულისკვეთებით, საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. წელს ასე იყო საჭირო, განსხვავებით წინა წლისგან, როცა CSW-ს 68-ე სესიაზე, ჯერ კიდევ, თავს ვიწონებდით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში მიღწეული შედეგებით და საერთაშორისო ასპარეზზე ვპოზიციონირებდით წარმატებული პრაქტიკებით, რომელსაც ის მთავრობაც გვიწონდებდა, რომელიც დღეს ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივების ავტორია.
ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ქვეყანა კონსერვატიული იდეოლოგიების და პოლიტიკის პირისპირ აღმოჩნდა, მათ შორის საქართველო, რამაც ქალთა უფლებების კუთხით, ვითარება მნიშვნელოვნად გააუარესა. ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა და მიღებულმა ანტიდემოკრატიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია გენდერული უკუსვლა, ეჭქვეშ დააყენა ქალთა უფლებადამცველების და ორგანიზაციების საქმიანობა. ანტიგენდერული მოძრაობის გაძლიერება ქმნის გარემოს, სადაც ქალთა უფლებები კიდევ უფრო დაუცველი ხდება. ეს კონტექსტი ედო საფუძვლად წლევანდელ რეგიონულ ღონისძიებას, ნიუ-იორკში, რომელიც, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიის ფარგლებში, ჩავატარეთ - “ქალების ბრძოლა თანასწორობისთვის პოლიტიკური კრიზისის დროს: პერსპექტივები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.”
პოლიტიკური კრიზისის გავლენა ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე, სამოქალაქო სექტორისთვის საქმიანობის შეფერხება, ქალებისა და აქტივისტების წინაშე არსებული გამოწვევები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სოლიდარობა და სტრატეგიების შემუშავება იყო ძირითადი საკითხები ღონისძიებისა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანის, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, ექსპეტები ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან.
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაზე, დღის წესრიგში არაერთხელ დადგა გენდერული უკუსვლის, ქალთა უფლებების გაუარესების საკითხები როგორც რეგიონულ დონეზე, ისე გლობალურად. გარდა WIC-ის ღონისძიებისა, საერთაშორისო პლატფორმაზე არაერთი მნიშვნელოვანი მოხსენება წარადგინეს ქალთა უფლებადამცველებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე რუსეცკაიამ.
“პოლიტიკური კრიზისის გავლენა ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე” - ასე ერქვა ჩემს მოხსენებას, რომელიც გენდერულ უკუსვლას ეხებოდა. განსხვავებით წინა წლის 68-ე სესიისგან, რა დროსაც ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კუთხით, საქართველოში არსებულ მიღწევებსა და პროგრესზე ვისაუბრეთ, წელს მთავარი აქცენტი, ის შეცვლილი დღის წესრიგი იყო, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და რეგიონი აღმოჩნდა.” - გვიყვება ქალთა საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი, ელენე რუსეცკაია და იხსენებს CSW-ს 68-ე სესიას, როცა ერთი წლის წინ, ამერიკაში ჯერ კიდევ კარგ პრაქტიკებსა და მიღწეულ შედეგებზე ყვებოდა.
“ამერიკიდან დაბრუნებულებს სრულიად განსხვავებული რეალობა დაგვხვდა. მაშინ ამერიკაში, მათ შორის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკები წარვადგინეთ, ჩამოვედით და გენდერული კვოტების გაუქმების ინიციატივა დადგა დღის წესრიგში. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, განულდა ის შედეგი, რომლის მისაღწევადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით, ძალისხმევას არ ვიშურებდით და ვმუშაობდით ქალთა ორგანიზაციები. ამას კი, ეტაპობრივად, თუმცა, ამ გადმოსახედიდან ძალიან სწრაფი ტემპით, მიჰყვა ის ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც დღეს გვაქვს ქვეყანაში.”- ამბობს ელენე.
ნიუ-იორკში, წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და ნორვეგიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ უდიდესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი ვაკეთოთ ის, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არის საჭირო აქ, ახლა და ყველა პლატფორმაზე.
“ამ ღონისძიებაზე დასწრება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რაც თქვენ წინაშე დგას. მინდა, კიდევ ერთხელ, გითხრათ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის, მოგვმართეთ, მოგვწერეთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვეცდებით თქვენ მხარდაჭერას”- თქვა კაორი იშაკავამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ნიუ-იორკში, ჩვენს ღონისძიებაზე.
“შეხვედრამ მოგვცა შესაძლებლობა ერთად გვემსჯელა და გაგვეანალიზებინა არა მხოლოდ ქვეყანაში ან რეგიონში, არამედ მსოფლიოში არსებული ტენდენციები ქალთა უფლებებისა თუ გენდერული უკუსვლის თვალსაზრისით. სწორედ ამ პროცესშია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, სწორედ მათი დახმარებით შევძელით კონსოლიდაცია ისეთ პლატფორმაზე, როგორიც იყო CSW, მუთუმეტეს ამ რთულ დროს, როცა რთული პროცესების გავლაც უწევთ სამოქალაქო ორგანიზაციებს. ახლა კიდევ უფრო მნიშნელოვანია შევძლოთ კომუნიკაცია, თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ცალსახად დავინახეთ მთავარი მესიჯები სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებიდან - სოლიდარობა და ძალების გაერთიანება არის გადამწყვეტი”- - ამბობს თავის მხრივ, ქალთა საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თეონა ჩიქოვანი.
“მარო! შიში გულში არა გვაქვს!” “ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია” - ლაპარაკობდნენ პლაკატები მსნემელებისთვის ამერიკაში
საქართველოში პროტესტს ქალების ხმა რომ აქვს, ქალები რომ იბრძვიან და არ ნებდებიან, WIC-ის ღონისძიების 50-მდე მონაწილისთვის და არა მხოლოდ, უკვე კარგად ნაცნობი ამბავია. “გამარჯვება ხალხშია”, “მარო! შიში გულში არა გვაქვს!”, “დევნილი ქალები აქ არიან”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!”, “ქალების ხმა - ქვეყნის ხმაა” - ლაპარაკობდნენ პლაკატები და ისმენდნენ 100-დღიანი პროტესტის ამბავს ჩვენი ღონისძიების მონაწილეები ამერიკაში. მოვყევით ამბავი იმისა თუ რატომ ისმის პატარა ქვეყნის ყველა რეგიონიდან და დედაქალაქიდან შეძახილი “თავისუფლება მზიას” და როგორ გახდა მზია ამაღლობელი სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.
“დღევანდელი ღონისძიების მიზანია სტრატეგიულად განსაზვღვროთ, რა შეგვიძლია, ერთობლივად დავუპირისპირდეთ იმ წინააღმდეგობებს, რომლებსაც რეგიონში (ECA region) ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით ვხედავთ”. - თქვა თამარ დეკანოსიძემ (Equaliti Now-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა ევრაზიაში), ჩვენი ღონისძიების ფასილიტატორმა ღონისძიების დასაწყისში და გზა გაუხსნა ყველა მომხსენებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
და რომ ქალებმა მსოფლიოდან ყველა გზავნილი ზედმიწევნით მოისმინეს, გაიგეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს ქალებსა და ახალგაზრდებს საქართველოში, ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიაჩნია ანა ნემსაძეს, ქალთა საინფორმაციო ცენტრიდან, რომელიც ნიუ-იორკის დელეგაციაში იმყოფებოდა.
“ღონისძიება ღირებული იყო არა მხოლოდ მომხსენებლების ექსპერტული და სამუშაო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, არამედ იმ უკუკავშირით, რომელიც მონაწილეებისგან მივიღეთ. ძალიან საინტერესო დისკუსიები მოვისმინე თუ როგორ უმკლავდებიან ქალები იგივე გამოწვევებს სერბეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და დანიაში.
ყველაზე იმედის მომცემი იყო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცოხვრები ქალების ერთიანობის შეგრძნება, რაც ბოლო დროს, ვგულისხმობ განვლილ წლებს, ჩვენს სექტორს, ცალსახად, აკლდა. ახლა, ერთმანეთის მიმართ ყველას აქვს სოლიდარობის განცდა და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არ გვაქვს უფლება, ჩვენი მიღწევები, მათ შორის მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით, ვინმემ უკან დაიხოს.
ვფიქრობ, ღონისძიების მთავარი მესიჯი აუდიტორიამ სწორად გაიგო, რასაც ადასტურებს ის სურვილები და მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ქალებს გამოუგზავნეს ქალებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ეს არის სოლიდარობა, სიმხნევე და ძალა ბრძოლის გაგრძელებისთვის.” - ამბობს ანა ნემსაძე, ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრში.
პროტესტი და ქალების როლი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი გზავნილი იყო ნიუ-იორკში, თუმცა ღირებული და საჭირო იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება მონაწილეებისთვის თუ რას და რატომ აპროტესტებს ხალხი საქართველოში. შესაბამისად, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ე.წ. “რუსული კანონის” გავლენის შესახებ სამოქალაქო ორგანიზაციებზე, ასვეე, მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის FARA-ს შესახებ, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტის მტკიცებით, აშშ-ის “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ”(FARA) “სიტყვა-სიტყვითი თარგმანია”. პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობიდან ქრება სიტყვა “გენდერი”, ამ ინიციატივების ავტორების მტკიცებით კი ტერმინი უცხოური გავლენით და ლობირებით, ხელოვნურად დაინერგა ქართულ კანონმდებლობაში და ახლა ის სიტყვებმა “ქალმა და კაცმა” უნდა ჩაანაცვლოს.
“ვფიქრობ, არცერთი საკითხი დაგვიტოვებია უყურადღებოდ საერთაშორისო პლატფორმაზე, პროტესტზე ბევრი ვისაუბრეთ, რომელიც, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქალებმა დაიწყეს და ახალგაზრდებთან ერთად პირველი ბრძოლაც მოიგეს. მაგრამ დღეს სახეზე გვაქვს ის, რაც გვაქვს, ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივების მთელი პაკეტი. არ დავივიწყეთ, ასევე, საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები და საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურად ცნობს და სახეზეა დარღვევები, რომელთა შესახებაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს.”- ამბობს ელენე რუსეცკაია.
საქართველოს პირველი ქალთა კონგრესი - პოლიტიკური კრიზისის დროს დაწერილი ისტორია, რომელიც დღეს ძალების აღდგენაში დაგვეხმარა.
ღონისძიების დასასრულს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდმა მონაწილეებს საქართველოს პირველი ქალთა კონგრესის დაფუძნების შესახებაც უამბო, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს, ორგანიზაციის გუნდმა შეძლო და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დააფუძნა პირველი ქალთა კონგრესი. წლების შემდეგ, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება და ქვეყნის ევროპული მომავალი ოფიციალურად გაფორმდება, კოგრესი საამაყო ისტორიული მეხსიერება იქნება, როგორც პირველი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა ქალებისთვის, ქალთა ორგანიზაციებისთვის და ქალთა საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
საქართველოში პირველი ქალთა კონგრესი 2025 წლის 7 მარტს ჩატარდა და მას 250 მონაწილე ჰყავდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონგრესმა გააერთიანა სხვადასხვა სფეროსა და თაობის ქალი უფლებადამცველები, აქტივისტები, ლიდერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: ძალადობის პრევენცია, ანტიგენდერული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის გატარება, "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების" დღის წესრიგის განხორციელება და სხვ.
ქალთა კონგრესის მთავარი სიმბოლო "ქალბატონი რესპუბლიკა" დამოუკიდებელი საქართველოს საფოსტო მარკაა 1918-1921 წლებში. ის 20-იანი წლების თანასწორობის, სიძლიერის, ემანსიპაციის გზავნილია მსოფლიოსთვის. მებრძოლი საქართველოს Სიმბოლო, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საფოსტო მარკისთვის. ინიციატივა გულისხმობს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, რაც, ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილია ქალთა კონგრესის კონცეფციისა.
საქართველოს პირველი ქალთა კონგრესიც, ისევე როგორც ამერიკაში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ღონისძიება მხარდაჭერილი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა