ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
2025-09-18 17:32:45

16-18 სექტემბერს, თბილისში, გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ქალთა გაძლიერებაზე მუშაობენ. მონაწილეებს შორის იყვნენ თემის ლიდერი ქალები კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხარდაჭერა, მათი ფსიქოლოგიური მდგრადობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება.

ფსიქოლოგის სესია – პროგრამა დაიწყო ფსიქოლოგის, ექსპრესიული ხელოვნების თერაპევტის ნათია ფანჯიკიძის შეხვედრით, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს სტრესის იდენტიფიკაციასა და ტრავმასთან გამკლავებაზე. ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ მეტაფორულ და სხეულზე ორიენტირებულ სავარჯიშოებში.

სამოტივაციო სესია – „რა შეუძლია ერთ ქალს“ – მწერალმა, სცენარისტმა და ჟურნალისტმა ნენე კვინიკაძემ მონაწილეებს გაუზიარა სამოტივაციიო ისტორიები და გამოცდილება.

,,ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან ძვირფასია ჩემთვის, პროფესიულად, ისტორიებზე მონადირე ადამიანებისთვის. გაზიარების ეს ფორმა ძვირფასია, განსხვავებული ისტორიებით ასკვნი, რა მრავალფეროვანია საზოგადოება.როცა ადამიანები გახსნილად გესაუბრებიან, ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია და ყოველ ჯერზე ვივსები ემოციებით. სესიის სახელწოდებაც გადაჭარბებული არ იყო, თამამად დავარქვი, რადგან ვიცნობ ასეთ ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ შეცვლა, წარმოუდგენელ გარემოშიც კი და დღევანდელი შეხვედრა იყო ამის ნათელი მაგალითი, რომ როცა რაღაცაზე ვსაუბრობ, დიალოგში შემოსული ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე ამის მაგალითი” - ნენე კვინიკაძე.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ და ჟურნალისტმა, ნინა ხელაძემ ჩაატარეს სესია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი მოქმედებაში“.

ინტერაქტიული ფორმატები – ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ Playback თეატრის არაფორმალურ სესიაში, სადაც პირადი ისტორიები სცენურ იმპროვიზაციებში გარდაიქმნა. ეს პროცესი ემსახურებოდა ემოციური გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთგაგებას და კოლექტიური მოტივაციის გაძლიერებას.

სამუშაო შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ელენე რუსეცკაია და აღმასრულებელი დირექტორი თეონა ჩიქოვანი.

ორდღიანმა სამუშაო შეხვედრამ შექმნა უსაფრთხო, ინკლუზიური და შემეცნებითი გარემო, სადაც მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინსტრუმენტები სტრესისა და ემოციების მართვისთვის, გაზიარეს გამოცდილება და შეიძინეს ახალი ცოდნა.

შეხვედრა ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner