
2025 წლის 22-23 თებერვალს, წყალტუბოში, სასტუმრო “წყალტუბო პლაზა”-ში გაიმართა ინიციატივის “მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები” შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა. ღონისძიებას, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, თემის ლიდერი ქალები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც, მთელი წლის განმავლობაში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ცვლილებების ინიცირების პროცესში.
შეხვედრაზე, რომელიც Un Women-ის წარმომადგენელმა გახსნა, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგები, რამაც აშკარა გახადა, რომ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებსა და ახალგაზრდებს თავიანთ თემებში დიდი ძალა და გავლენა აქვთ.
ინიციატივებს შორის არის ზუგდიდის ახალგაზრდებთან ფილმის ჩვენება და დისკუსია მშვიდობისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია პერევში მცხოვრები ქალებისთვის ქსეროქსის აპარატის მიწოდება, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, გაამარტივონ საგანმანათლებლო თუ ადმინისტრაციული საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოქეცა მარცვლეულის საფქვავისა და თაფლის საწურის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს მცირე ეკონომიკურ გაძლიერებას სოფლებში.
შეხვედრის მეორე დღეს ყურადღება გამახვილდა კატასტროფების რისკების პრევენციასა და თემში ქალთა მონაწილეობის მექანიზმებზე. მონაწილეებმა მცირე სამუშაო ჯგუფებში იმსჯელეს თუ როგორ გააფართოონ ქსელი და როგორ მოიზიდონ უფრო მეტი ქალი და ახალგაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლებისა და სამოქალაქო აქტივიზმის პროცესებში.
წყალტუბოს შეხვედრა არ ყოფილა მხოლოდ შემაჯამებელი – ის იყო მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც თან სდევს იმედიანი ხედვა - სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების ხმის გააქტიურება და მშვიდობის მშენებლობის პროცესის ხელისშეწყობა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















