
კინოთეატრი ბერნშია. დარბაზში სხედან ადამიანები, რომელთათვისაც საქართველო ახლობელია, მაგრამ მაინც აღმოსაჩენი, მომნუსხველი და საინტერესო. ქვეყანა, რომელსაც კიდევ ბევრი აქვს მოსაყოლი და სათქმელი.
შვეიცარიის ისტორიული დედაქალაქის კინოთეატრში სინათლე ქრება და ეკრანზე ქართული ამბავი იწყება. სწორედ ამ მომენტში კულტურა იქცევა ენად, რომელიც თარგმანს არ საჭიროებს. ზუსტად ასეთი დიალოგის შექმნას ცდილობს საქართველოს დიასპორა შვეიცარიაში უკვე თითქმის ორი ათწლეულია.

ეკრანზე ამბავს საქართველოდან ბევრი ფურცელი აქვს, იმდენივე გადააზრება და ემოცია. როგორც რეჟიოსორი, ელენე ნავერიანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მისი პერსონაჟი გზადაგზა მეტ ძალასა და სიმტკიცეს იძენს, აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს და იმას, რომ ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ასეა თუ ისე, ქართული კინოდღეები შვეიცარიაში ქართულმა დიასპორამ თანამედროვე ქართველი მწერლის თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმით, ელენე ნავერიანის "შაშვი, შაშვი, მაყვალით" გახსნა.

შვეიცარიაში საქართველოს დიასპორა 20 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში მრავალმხრივი საქმიანობით გამოირჩევა. პატარა საქართველოს ემიგრანტი შვილების მთავარი მიზანი ქართული კულტურისა და ხელოვნების გაცნობაა მასპინძელი ქვეყნის საზოგადოებისთვის.
"დაგროვილი გვაქვს მნიშნელოვანი გამოცდილება. არაერთხელ წარმოგვიდგენია თანამედროვე ქართველი მწერლები შვეიცარიულ აუდიტორიასთან. დიასპორა ასევე აქტიურად არის წარმოდგენილი პოლიტიკურ წრეებში. ჩვენი წარმომადგენლები ხშირად იღებენ მონაწილეობას და მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქალაქში გამართულ პოლიტიკურ დისკუსიებში. თუმცა აქამდე არ გვქონდა კინოდღეების ორგანიზების გამოცდილება." - გვიყვება ქართული დიასპორის პრეზიდენტი, ირმა მგელაძე და გვიამბობს, როგორ დაიბადა ქართული კინოდღეები ბერნში.
იდეა დიასპორის მხარდამჭერ რეჟისორს, ინგა ნემსიწვერაძეს გაუჩნდა. მან ქართულ დიასპორას, მიუნხენში ჩატარებული Tae Cup Festival-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსგავსი ღონისძიების შვეიცარიაში განხორციელება შესთავაზა. სწორედ ამ ინიციატივამ გააერთიანა დიასპორა, პარტნიორები და კინოს სფეროს წარმომადგენლები. იდეა რეალურ პროექტად იქცა, ღონისძიების ჩატარების ადგილად შეირჩა ქალაქი ბერნი, სადაც მსგავსი პროგრამებისთვის კარგად ცნობილი კინოთეატრი Kino Rex მდებარეობს.
პროგრამის შერჩევა საერთო გადაწყვეტილება იყო.

"პირადად მე ეს ფილმი (შაშვი, შაშვი, მაყვალი) ძალიან მომწონს და ის 2024 წელს შვეიცარიის საუკეთესო ფილმადაც იყო დასახელებული, საბოლოოდ, კინოდღეების ასე დაწყებამ სრულად გაამართლა, დარბაზი სავსე იყო. კინო, როგორც გამოცდილება რაც შეეხება ფილმ „მონანიების“ შერჩევას, მას წინ უძღოდა ასეთი შემთხვევა: შარშან ბერნის თეატრში გაიმართა სპექტაკლი „ერთი განსაკუთრებული ქუჩა", რომლის სცენარისტები იყვნენ რუსუდან თაბუკაშვილი და რეჟისორი მარკუს კელერი. სპექტაკლი ვითარდებოდა როგორც თანამედროვე, ისე ბერიას დროინდელ თბილისში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფილმი საუკეთესოდ შეავსებდა სპექტაკლის ემოციებს. ცხადია, ფილმის ჩვენებაზე თეატრის მსახიობებიც მოწვეულნი იყვნენ.
"მონანიებამ" განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შვეიცარიელი პოლიტიკოსებისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლების შორის, რაც კიდევ უფრო ხაზგასმით აჩვენებს კინოდღეების მნიშვნელობას და მათი აუდიტორიის მრავალფეროვნებას. რაც შეეხება დანარჩენ სამ ფილმს: "პრილი", "ხმელი ფოთოლები" და "წმინდა ელექტროენერგია", ისინი პირველად წარდგნენ შვეიცარიელი მაყურებლის წინაშე, ლოკარნოს კინოფესტივალის გარდა, რაც მათ განსაკუთრებულად გამორჩეულ და
საინტერესო გამოცდილებად აქცევს ადგილობრივ კულტურულ გარემოში."
ემოცია, რომელიც რჩება - მაყურებლის რეაქცია
ქართული კინო შვეიცარიაში აღმოჩნდა ის, რომელსაც მაყურებელი არა მხოლოდ უყურებს ან უსმენს, არამედ განიცდის. თითოეული ჩვენების შემდეგ ჩნდებოდა სურვილი, რომ შთაბეჭდილებები გაზიარებულიყო.

"ამ ტიპის კინოებს განსაკუთრებული აუდიტორია ჰყავს: ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოს, ჰყავთ ქართველი მეგობრები ან ინტერესდებიან მათთვის აქამდე უცნობი ქვეყნის კულტურით. თითოეული ჩვენების შემდეგ მაყურებელს უჩნდებოდა სურვილი, გაეზიარებინა საკუთარი შთაბეჭდილებები. კინოდღეების ფარგლებში ნაჩვენები ფილმები ემოციურად დატვირთული იყო, თითოეული თავისი ამბითა და ინტენსივობით განსხვავდებოდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი აღმოჩნდა "აპრილის" ჩვენება. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი დარბაზიდან დამძიმებული გამოვიდა, ხოლო ნანახის გააზრებისა და ემოციების გაზიარების სურვილი განსაკუთრებით ძლიერი იყო. სხვათა შორის, ამ ჩვენებას ესწრებოდა შვეიცარიის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა და მისი მეუღლე, მწერალი ლუკას ჰარტმანი."
დიასპორის უხილავი ძალა - თაობებს შორის ხიდი და დისკუსიები, რომელიც გაფიქრებს
პირადად თქვენთვის რა იყო ამ ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტი? - ვკითხეთ ირმას. მის პასუხში ერთი მთავარი ხაზი გამოიკვეთა - მშობლები და შვილები, "მეორე თაობა", რომელსაც ქართული დიასპორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა ქართულ კულტურასთან წვდომა არ დაიკარგოს.
"კინოდღეების განსაკუთრებული მომენტი იყო შეხვედრა რეჟისორებთან: ელენე ნავერიანთან, ტატო კოტეტიშვილთან და მსახიობ ნიკა ღონღაძესთან. დიალოგს უძღვებოდა ირინა რუსეცკი, რომლის კითხვები გამოირჩეოდნენ სიღრმით და შინაარსიანობით, რაც საშუალებას აძლევდა შემქმნელებს არა მხოლოდ ფაქტები გაეზიარებინათ, არამედ თავიანთი შემოქმედებითი ხედვა, ემოციები და დამალული მნიშვნელობებიც. ეს შეხვედრა ტრანსფორმირდა ცოცხალ, გულწრფელ დისკუსიად, მაყურებლისთვის კი რეალურ კავშირად კინოს შემოქმედთან.
ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შვეიცარიელი მაყურებლისთვის, არამედ ჩვენთვისაც, ქართული დიასპორისთვის და მათ შვილებისთვის, რათა ქართულ კულტურასთან და ამ გარემოსთან წვდომა არ დაიკარგოს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მრავალი, ასე ვთქვათ, დიასპორის "მეორე თაობის" წარმომადგენლები, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა შეხვედრის მნიშვნელობას დაკავშირს ახალგაზრდულ აუდიტორიასთან.”
კულტურა და პოლიტიკა - ერთი დიალოგის ორი მხარე
კინოდღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კულტურა და პოლიტიკა განუყოფელია. შვეიცარიაში საქართველოს დიასპორაში ფიქრობენ, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები ზრდის ქვეყნის ცნობადობას და ქართულ კულტურას ახალი, განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს.
"ეს ჩვენი მხრიდან მცირე წვლილია იმაში, რომ ქართული კულტურა კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარსა და ენთუზიასტს მიიპყროს.” - ამბობს ირმა.
პროექტის ,,ქართული კინოდღეები” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი იყო ფინანსური დამოუკიდებლობა. ის შვეიცარიული რესურსებით დაფინანსდა, მათ შორის ორგანიზაციების Freunde von Georgien და Stadt Kultur Bern მხარდაჭერით. დიასპორისთვის ეს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ღირებულებითი არჩევანია, რადგან ფიქრობენ, რომ რესურსების ადგილზე მოძიება უზრუნველყოფს დამოუკიდებლობას და საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი კულტურა თავისუფლად და პროფესიონალურად წარადგინონ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















