
7-8 მაისს, ბრიუსელში გაიმართა პროგრამის EU4Gender Equality: Together Against Gender Stereotypes and Gender-Based Violence პარტნიორთა შეხვედრა, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და გენდერული თანასწორობის სფეროს ექსპერტები გააერთიანა. პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს სოციალური ნორმების ცვლილებას, განიხილეს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მიდგომები და ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე კონტექსტში განსაკუთრებით მწვავედ გამოკვეთილ გამოწვევებზე, მათ შორის პოლარიზაციაზე და ციფრულ სივრცეში გავრცელებულ ზიანის მომტან ნარატივებზე.
პანელური დისკუსიებისა და თემატური სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
განხილვის თემებს შორის იყო: რელიგიურ ლიდერებთან და რწმენაზე დაფუძნებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; „მამების სკოლების“ ინიციატივა; კამპანია „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“; ქალთა ჩართულობა STEM-ისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებში; შშმ ქალებისა და გოგოების მხარდაჭერა; გენდერულად მგრძნობიარე და ოჯახზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა.
შეხვედრაში მონაწილეობდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი მამუკა გაჩეჩილაძე, რომელმაც პარტნიორებს ორგანიზაციის გამოცდილება და საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებული პრაქტიკა გაუზიარა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამის 2020–2026 წლების შედეგების შეჯამებას, სოციალური ნორმების ცვლილების გაზომვის პრაქტიკასა და პროგრამის მომდევნო ეტაპის, Phase III-ის პრიორიტეტების განსაზღვრას.

დასასრულს გაიმართა ფოტოგამოფენის - Many Faces of Womanhood - გახსნის ცერემონია, რომელიც ქალთა გამოცდილებისა და საზოგადოებაში მათი როლის წარმოჩენას მიეძღვნა.
ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია მადონა ოქროპირიძე - ლიდერი ქალი კოდის დევნილთა დასახლებიდან. ფოტო კოდის ქალთა კლუბშია გადაღებული.
აქ მთებიც საკუთარ სათქმელს ჰყვება, როგორც დაკარგული სახლის სიმბოლო, რომელსაც მადონა დღემდე ღირსებითა და გამძლეობით ინახავს საკუთარ მეხსიერებასა და საქმიანობაში.
ის 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილდა ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთიდან, მაგრამ მაინც შეძლო და ომის გამოცდილება თემის გაძლიერების, ქალების მხარდაჭერის ძალად აქცია.
ვამაყობთ, რომ ეს ხმა საერთაშორისო სივრცეში გაჟღერდა და ევროპის გულში ქალების სიმტკიცის, გამძლეობისა და ლიდერობის მაგალითად იყო წარმოდგენილი.
ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას მადონა ოქროპირიძეს, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. გვჯერა, რომ ერთად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან და სასიკეთო ინიციატივას დავუდებთ საფუძველს, ქალებისთვის, თემისთვის და რეგიონისთვის.
ნიშანდობლივია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გაძლიერები ქალების ისტორიებიც. ბრიუსელის მთავარ მოედანზე იმ ქალების ხმა გაისმა, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გააძლიერა. ფოტოებზე ის დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები იყვნენ აღბეჭდილი, რომლებთანაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი წლების განმავლობაში მუშაობს. დღეს ეს ქალები თემში სასიკეთი ცვლილებების ინიციატორები და განმახორციელებლები არიან.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















