არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი" (WIC), ქალთა ინიციატივითა და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტის ხელშეწყობით, 2000 წელს შეიქმნა. 2002 წელს, WIC ეუთო/ოდირის მხარდაჭერით, საქართველოში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თანადამფუძნებელი გახდა.
2003 წელს, დამოუკიდებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა, როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობა დაიწყო.
ქსც ხელს უწყობს ლიდერი ქალების ჩამოყალიბებას, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელების განვითარებას და შექმნას საქართველოს რეგიონებში. არის რამდენიმე ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო გაერთიანების წევრი, აქვს მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობს როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან:
- კოალიცია განათლება ყველასთვის საქართველო;
- „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების“ ალიანსი (GAARD);
- სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელი;
- „გლობალური პარტნორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის“ (GPPAC);
- საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები ძალადობის წინააღმდეგ“ (WAVE);
- „აღმოსავლეთ-დასავლეთ ქალთა ქსელი“ (NEWW);
- Equality Now's Network Against Sexual Violence;
- აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქალთა სამშვიდობო ქსელი.
ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შემდეგი მიმართულებებით:
- გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
- ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა;
- ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
- გენდერული ძალადობის აღმოფხვრა;
- ქალების მობილიზება და ეკონომიკური გაძლიერება;
- ცნობიერების ამაღლება.
სლოგანით - „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!“ ქსც თანამშრომლობს ქალებთან, რომლებსაც პოლიტიკაში ჩართვა სურთ, მიზნად აქვთ ბიზნესის წამოწყება ან თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის ახალ გზებს ეძებენ.
ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს და ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და იმ ქალებს, რომლებიც მზად არიან ძალადობის ყველა ფორმასთან საბრძოლველად. ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის სლოგანი „ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა!“.
ქსც-ს რესურსები მიმართულია საერთო ღირებულებების მქონე ქალებისკენ, რომლებსაც სურთ რეალურად დაუპირისპირდნენ გენდერულ უთანასწორობას და იბრძოლონ პატრიარქატის წინააღმდეგ. ორგანიზაცია მუშაობს ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ მოტივაცია იპოვონ შინაგანი ძალა, რათა არ შეწყვიტონ ბრძოლა გენდერულად მგრძნობიარე, დაბალანსებულ გარემოში საცხოვრებლად, თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორობის შეგრძნებით!
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ადმინისტრირებას უწევს სამხრეთ კავკასიის გენდერული ქსელის - გენდერული საინფორმაციო პორტალი http://ginsc.net/ -ფუნქციონირებას. საინფორმაციო პლატფორმის მიზანია კრიტიკული აზროვნების წახალისება და ჟურნალისტიკის სტანდარტების დაცვით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე, ინფორმაციის ფართო გავრცელების ხელშეწყობა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა