ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღე გაიმართა
2023-11-28 12:31:06

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღე გაიმართა UN Women Georgia-ს ორგანიზებით, რომელიც წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერასა და ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა, ქ-ნმა აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ქ-ნმა საბინე მახლმა და ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ბნ-მა ელჩმა, ვიორელ მოშანუმ. მოწვეულმა სტუმარმა ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი ლიდერი ქალების განვითარება და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთან, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის რელევანტურობაზე, რეგიონულ კონტექსტთან მიმართებაში და საუბარი შეეხო, თუ როგორია ლტოლვილი ქალების გამოცდილება საქართველოში.

განიხილეს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებები და დასახეს 2024-ის პრიორიტეტები. აღსანიშნავია, რომ ქსელის წევრმა ქალებმა, თავიანთ თემსა და სოფელში არსებული პრობლემები თავად წარმოადგინეს. გამოწვევებზე ისაუბრეს ქსელის წევრმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსი, თამარ ლობჟანიძე ამბობს, რომ ღია კარის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა და ის ერთი მხრივ, ქალების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას მოიაზრებს, მეორეს მხრივ კი შეიძლება რელევანტური იყოს ჟენევის მოლაპარაკებებისთვისაც.

"როგორც აღვნიშნე, ეს შეიძლება რელევანტური იყოს ჟენევის მოლაპარაკებებისთვის, რომლის თანათავმჯდომარეც, გაეროს მხრიდან, ყოველ წელს ესწრება აღნიშნულ ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ წელს ეუთოდან გვყავდა მეორე თანათავმჯდომარეც, რომელმაც ასევე, ხაზი გაუსვა ქალთა საკითხების გათვალისწინებას ჟენევის ფორმატში. 

ამასთან, გაეროს მთავარი კოორდინატორი, ქნ-ი საბინე მახლი ახდენს ანგარიშგებას ქალების მიმართ, მთელი წლის განმავლობაში, გაეროს სისტემამ რა გააკეთა იმ საკითხების მხარდასაჭერად, რომლებიც წინა წელს ქალებმა დააყენეს და ეს ე.წ. ურთიერთკავშირი მნიშვნელოვანია."- ამბობს თამარ ლობჯანიძე.

ღონისძიებას უკრაინიდან ლტოლვილ ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გაზიარდა გამოცდილება და სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტი  და მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობა განიხილეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კონტექსტშიც.  ღია კარის დღე საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლების თანამშრომლობით, ყოველწლიურად იმართება. 

ინფორმაციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ქალთა ასოციაცია „თანხმობა" და ქალთა ფონდი „სოხუმი", გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. ღია კარის დღეს სწორედ კოალიციური პროექტის ფარგლებში შექმნილ ქსელში გაერთიანებული ქალები ესწრებოდნენ. ქალთა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელი, ეკატერინე გამახარია ამბობს, რომ პროექტი ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს უახლოვდება და ქალების ძალისხმევის გაერთანება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს უახლოვდება პროექტი, რადგან ქალები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში გაძლიერდნენ და არიან აღჭურვილნი ცოდნით, რომლითაც საჭიროა რეაგირება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მათი ძალისხმევის გაერთიანება. ყველა მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს და ამ ქალების გაერთიანება, ერთმანეთისთვის თავიანთი გაკვეთილების გაზიარება, ერთმანეთის გაძლიერება, სტიმულირება არის მნიშვნელოვანი.  მაშინ, როცა იქმნება ამ ქალების ქსელური, ინსტიტუციური წარმონაქმნი, ეს მათ შანსს აძლევს, რომ გამოჩნდნენ, როგორც აღიარებული აქტორები ამ პროცესში. ვხედავთ, რომ მათ უჭირთ, სამოქალაქო სექტორის გარეშე, გარკვეულ პლატფორმებზე გამოჩენა, მაგრამ ქსელი, რომელიც აერთიანებს მათ, საერთო პრობლემების გადაწყვეტის სურვილით და აუცილებლობით, ეს უკვე განაცხადია. განაცხადი, რომ ეს ქსელი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც უნდა მოუსმინო, რომლებსაც გააჩნიათ ექსპერტიზა და უფლება იბრძოლონ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტისთვის და მიიღონ შედეგი. ეს, მართლაც, აუცილებელი ეტაპია, რათა პროგრესი დავინახოთ" - ამბობს ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელი, ეკატერინე გამახარია. 

პროექტის მიზანია, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ქალების გაძლიერება და ლიდერებად ჩამოყალიბება, რომლებსაც შეეძლებათ არსებული ან პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება, საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება, საკუთარი და თემის ინტერესების დაცვა და ადვოკატირება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ან/და სხვა რელევანტურ უწყებებთან.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner