ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
დაინტერესებული მხარეები ABL ზონაში მდებარე სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად ერთიანდებიან
2023-09-22 14:55:33

20 სექტემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ მეთოდოლოგიით ჩატარდა. აღნიშნული მეთოდი ყველა დაინტერესებული მხარისა და გადაწყვეტილების მიმღები უწყების ან და პირის კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს. ამასთან, უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით, სოციალური, უფლებრივი და ეკონომიკური ხასიათის პრობლემების სწრაფ გადაჭრას ემსახურება.

სამუშაო შეხვედრას, ექსპერტი გენდერის საკითხებში, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა. მან  პროექტის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორთან, ანა ნემსაძესთან და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ბორდის წევრთან, ნინო მოდებაძესთან ერთად, განიხილა წინასწარ მოძიებული, გადამოწმებული და დოკუმენტირებული მონაცემები, რომლებიც სოფელ პერევის მკვიდრთა გადაუდებელ საჭიროებებს ასახავს.

სამუშაო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა. თემატური მასალების პრეზენტაციის შემდეგ, საკითხების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პრობლემების წარდგენაში, თავად  სოფელ პერევის მკვიდრი, ადგილობრივი ლიდერი ქალები მონაწილეობდნენ.

საგულისხმოა, რომ პროექტი: „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ აღიარებს ქალების საკვანძო როლს თავიანთი თემების პრობლემების ადვოკატირების პროცესში. შესაბამისად, მათი აქტიური ჩართულობა მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და აზალგაზრდების ხმის გაძლიერებას და მათი როლის ზრდის ხელშეწყობას მშვიდობის მშენებლობის პროცესებში.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ოთარ ომიაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა განიხილოს იდენტიფიცირებული საჭიროებები და მაქსიმალურად ეცდება მათ დაკმაყოფილებას.

„მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სრულ მზაობას გამოხატავს ე.წ. სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ პერევის მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად. ცდას არ დავაკლებთ, რომ გადავწყვიტოთ იდენტიფიცირებული საკითხები“. - აცხადებს ბ-ნი ოთარი.

შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრებმა დამსწრეებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ცნობისთვის, იმ საჭიროებათა ადვოკატირების კამპანია, რომელთა მოგვარების გზებიც აღნიშნულ შეხვედრაზე ვერ გამოიკვეთა, გაფართოებულ შეხვედრაზე გაგრძელდება.

***

შეხვედრა კოალიციური პროექტის „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“  ფარგლებში ჩატარდა. პროექტს "ქალთა საინფორმაციო ცენტრი", ფონდი "სოხუმი" და ასოციაცია "თანხმობა" გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებენ.

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner