ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
2023-10-02 16:23:38

ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების მიზნით. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით შედგა და მიზნად ისახავდა სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყების შეკრების გზით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის აღსრულების ხელშეწყობას.

კერძოდ, გაფართოებული ადვოკატირების შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა და მისი ლოკალიზაცია, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი საჭიროებების განხილვისა და მათი გადაწყვეტის გზით. 

გადაუდებელი საჭიროების გადაწყვეტა  მოიაზრება  სხვადასხვა ანგარიშვალდებული უწყებების ჩართულობით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე. პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ასევე, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება წარმოადგენდა ერთგვარ პლატფორმას დისკუსიისთვის, შესაბამის მხარეებთან, მათ შორის დაზარალებული თემების წარმომადგენლებთან, რათა შემუშავდეს მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს გამოწვევების მოგვარებას, შექმნის შესაძლებლობებს და დაეხმარება იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მედეგობას.

დღის წესრიგში დაყენებული გამოწვევები მოითხოვს სხვადასხვა უწყების და ორგანიზაციის კონსოლიდირებულ ძალისხმევას და მათ გრძელვადიან მოგვარებაზე პასუხისმგებლობა დარგობრივ სამინისტროებსა და სამიზნე მუნიციპალიტეტების (17 სამიზნე მუნიციპალიტეტი) ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება. შესაბამისად, ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრის დრო, ადგილობრივი ბიუჯეტების დაგეგმვის ფაზის გათვალისწინებით შეირჩა, რათა თემების პრობლემები მუნიციპალური ბიუჯეტების პრიორიტეტებში აისახოს.

მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ პროექტის ფარგლებში უშუალოდ თემის ლიდერი ქალების ჩართულობით, 2023 წელს, ჩატარდა კვლევა  „საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების - ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის“ საჭიროებების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, კვლევის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებები და თემში არსებული გამოწვევები, რომელთა მოგვარება დაუყონებლივ საჭიროა, თავად თემის ლიდერმა ქალებმა წარადგინეს. დისკუსიები სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: ინფრასტრუქტურა (პანელს ფასილიტაციას უწევდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ელენე რუსეცკაია),  სერვისებზე ხელმისაწვდომობა, (პანელს ფასილიტაციას უწევდა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის, თბილისის ფილიალის ხეკმძღვანელი, ეკატერინე გამახარია) უსაფრთხოება და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების გაუმჯობესება (პანელს ფასილიტაციას უწევდა ასოციაცია თანხმობის გამგეობის თავმჯდომარე, იულია ხარაშვილი).

„მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადვოკატირების შეხვედრა, რადგან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში არსებული გამოწვევები, დღის წესრიგში დავაყენეთ იმ ადამიანებმა, ვისთვისაც ეს საკითხები კარგად ნაცნობია. ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით ის გადაუდებელი საჭიროებები, რომელთა გადაწყვეტაც მყისიერად გვჭირდება.  მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს ქალთა საინფორმაციო ცენტრთან მუშაობის და სწორედ ამის შედეგია, რომ, ამ დრომდე, არაერთი საკითხი გადაწყვეტილა მათი ჩართლობით. რა თქმა უნდა, მეც, ჩემის მხრივ, მუდამ მზად ვარ პროცესებში მონაწილეობა მივიღო და მოსახლეობის სახელით ვისაუბრო. ვფიქრობ, შედეგიანი და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა“- ამბობს ეკა გოგატიშვილი, სოფელ პერევის მცხოვრები. 

„დღევანდელ შეხვედრაზე ვეცადე  წარმედგინა ის საკითხები, რომელიც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ჩორჩანას მცხოვრებლებისთვის.საკითხები, რომლებიც შეიძლება გადაიჭრას სხვადასხვა დარგობრივი უწყების ჩართულობით და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში. ბევრი გამოწვევა გვაქვს ჩორჩანაში, არ გვაქვს არც სასმელი და არც სარწყავი წყალი, დასაქმება არის დიდი გამოწვევა, ინტერნეტი. სწორედ ამ გამოწვევებზე ვისაუბრა, ვფიქრობ, გარკვეულ შედეგამდე მივალთ“- ამბობს მანანა გოგნაძე, სოფელ ჩორჩანადან. 

„ადვოკატირების გაფართოებულ შეხვედრამდე, ჩვენ არაერთი სამუშაო შეხვედრა და აქტივობა გვქონდა მუნიციპალიტეტში და კოდის დევნილთა დასახლებაში, გამოვყავით პრიორიტეტული საჭიროებები და გაფართოებულ შეხვედრაზე წარვადგინეთ. ჩვენ უკან ჩვენი დევნილი მოსახლეობაა და ეს პრობლემები თუ მოგვარდა, ჩავთვლი, რომ ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო“- ამბობს მადონა ოქროპირიძე, კოდის დევნილთა დასახლებიდან. 

თავის მხრივ,  დაინტერესებული მხარეებმა, მათ შორის მთავრობის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თემის წარმომადგენლებმა გააზიარეს თავიანთი ვალდებულებები და საქმიანობის მიმართულებები ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული თემების საჭიროებებთან მიმართებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ასევე, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული თემების საკითებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ასევე, კერძო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები არიან.

თანამშრომლობისა და დიალოგის მეშვეობით, მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები. იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებები შემდეგი მიმართულებით გამოიკვეთა: ინფრასტრუქტურული გამოწვევები, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ადამიანის უსაფრთხოება, გენდერული ნიშნით ძალადობა და სხვ.

ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხრციელება საქართველოში“ ლოკალიზაციის კომპონენტის ფარგლებში, რომლის ერთ- ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში, ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ქალთა და მათი ორგანიზაციების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით. აღნიშნული პროექტის ლოკალიზაციის კომპონენტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „ქალთა ასოციაცია თანხმობის, ქალთა ფონდი სოხუმისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით.  პროექტის მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner